- კონვენცია ქალთა პოლიტიკური უფლებების შესახებ
- გაერთიანებული ერების მიერ მიღებული პირველი დოკუმენტი იყო ქალებთან დაკავშირებით, რომელიც სავალდებულო ხასიათს ატარებდა ხელმომწერი მხარეებისათვის. კონვენციის ძირითადი მოთხოვნაა პოლიტიკური უფლებების კუთხით სქესებს შორის თანაბარუფლებიანობის დანერგვა. 1954 წლისათვის კონვენციას შეუერთდა 18 ქვეყანა, რამაც იგი ადამიანის უფლებების დარგში, გენოციდის კონვენციის შემდეგ გაეროს იმ დროის ყველაზე მეტად მიღებულ დოკუმენტად აქცია. კონვენციის მთავარი ამოცანაა სქესთა შორის თანაბარუფლებიანობის მიღწევა საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობისას. კონვენცია ქალებს კაცების მსგავსად ანიჭებს სრულ პოლიტიკურ უფლებებს: არჩევნებში მონაწილეობის უფლებას, კენჭისყრის უფლებას, საზოგადოებრივ სამსახურში ჩადგომის და შესაბამისი ფუნქციების შესრულების უფლებას. ეკონომიკური და სოციალური საბჭო ადევნებდა თვალყურს კონვენციის იმპლემენტაციას. გაეროს 1953 წლის 23 ივლისის 504 (XVI) რეზოლუციით, კონვენციას შეერთებულ ქვეყნებს ევალებოდათ საბჭოსთვის ყოველ ორ წელიწადში ერთხელ წარედგინათ მოხსენება კონვენციის დანერგვის კუთხით ჩატარებული სამუშაოს შესახებ. 1968 წლიდან მოყოლებული ქალთა პოლიტიკური უფლებების საკითხის მონიტორინგი ეკონომიკური და სოციალური საბჭოს 1325 (XIV) რეზოლუციის თანახმად, ქალთა სტატუსის შესახებ კომისიას დაევალა „ქალთა წინააღნმდეგ მიმართული დისკრიმინაციის აღმოფხვრის დეკლარაციის“ დანერგვის მონიტორინგის პარალელურად. როგორც ვხედავთ, დეკლარაციის მიღებამ არა მარტო კონცეპტუალური, არამედ პრაქტიკული ცვლილვებებიც მოიტანა მონიტორინგის თვალსაზრისით, მითუმეტეს, რომ დეკლარაციაში გაერთიანებული იყო ის საკითხები, რომლებსაც ეძღვნებოდა კონვენცია ქალთა პოლიტიკური უფლებების შესახებ. ხოლო მას შემდეგ, რაც შეიქმნა და მიიღეს „კონვენცია ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ ქალებთან დაკავშირებული გაერთიანებული ერების დოკუმენტების მონიტორინგი დაევალა კომიტეტს ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (CW), რომელიც 1982 წელს შეიქმნა როგორც კონვენციის მონიტორინგის ორგანიზაცია.Source: საბედაშვილი თამარ. ქალთა უფლებების ისტორიული ასპექტები: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / თამარ საბედაშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 112გვ.; 29სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია) - - რეზ. ინგლ. ენ. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ. – ISBN 99940-871-0-X : [ფ.ა.]
Georgian encyclopedia. 2013.